.
2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია



| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
იმერეთში 250-ზე მეტი ისტორიული ძეგლია. მათი ადგილმდებარეობა იმერეთის უმშვენიერეს ლანდშაფტის პირობებში მნახველზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. რეგიონში განვითარებულია აღმოჩენითი და სათავგადასავლო ტურიზმი, როგორიცაა სამთო ქვეითი, საცხენოსნო ქვეითი, სპალეო ტურიზმი, რაფტინგი მდინარე რიონზე (იმერეთის ყველაზე დიდ მდინარეზე), ეკოტურიზმი, აგროტურიზმი. ახალი პერსპექტივები გაუჩნდა სანადირო და სათევზაო ტურიზმს საჩხერის ახალი სამონადირეო მეურნეობის სახით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ღვინისა და სამზარეულოს ტურები.
არქეოლოგიური მემკვიდრეობა
იმერეთის მიწაზე არ მოიძებნება კუთხე, ხეობა თუ სოფელი წარსულის რაიმე ნაშთი რომ არ იყოს დარჩენილი - ეკლესია, სამრეკლო, ციხის ნანგრევი, სადარაჯო კოშკი ან ნასახლარი. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებენ, რომ ამ მხრეში ადამიანი ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში ცხოვრობდა. ასეთია საკაჟიის და ჭახეთის, დევისხვრელის გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვ. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში, შორაპანში.
კურორტები
იმერეთის მხარე განთქმულია სამკურნალო-მინერალური წყლებითა და ცნობილი კურორტებით: კურორტი საირმე და ნუნისი, სულორი ვანში და ყოფილი საბჭოეთის მასშტაბით განთქმული წყალტუბო. დღეს იმერეთში 53 საკურორტო და დასავენებელი ბაზაა.
წყალტუბო რევმატიულ და სახსრების დაავადებებს კურნავს. მის ტერიტორიაზე რამდენიმე სანატორიუმი და საოჯახო ტიპის სასტუმროა.
ნუნისის კურორტი ზემო იმერეთშია, ბორჯომ-ხარანაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. აქ მკურნალობენ კანის დაავადებებს. დიდებული ფიჭვნარით გარშემორტყმული საირმე კი წარმოადგენს ბალნეოლოგიურ კურორტს, რომლის მინერალური წყალი თირკმელების დაავადებებს უხდება.
იმერეთის მღვიმეები
სათაფლიას ხუთი კარსტული მღვიმე ქუთაისიდან 7 კილომეტრში, სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალში მდებარეობს. მღვიმეები სავსეა ულამაზესი ფორმის სტალქტიდ-სტალაგმიტებით, რომელთა შორის ნაჟური წყალი მოედინება. მღვიმეთა ტემპერატურა მუდამ უცვლელია - 11-12 გრადუსი. აქაური მღვიმე დერეფნული ტიპისაა, განშტოებებით და დარბაზებით. სათაფლიას მღვიმე კეთილმოწყობილია. მის მახლობლად განთავსებულია სპალეომუზეუმი.
სათაფლიას ტერიტორიაზე გაშლილია უნიკალური კოლხური ტყე. არის ადგილი, სადაც დინოზავრის ნაკვალევია ნაპოვნი.
საინტერესო სანახავია ქუთაისის აღმოსავლეთით, სოფელ ნავენახევის მახლობლად მდებარე ნავენახევის მღვიმეც. აქაც, ისევე როგორც სათაფლიაში, ტურისტებისთვის გაკეთებულია სავალი ბილიკები. ეს მღვიმე მდიდარია მრავალნაირი ნაღვენთი ფორმებით.
იმერეთში ბევრგან ვხვდებით პირველყოფილი ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარს. ხარაგაულის რაიონში მდებარეობს დევისხვრულის მღვიმე, სადაც ადამიანი ქვის ხანაში, 35-10 ათასი წლის წინ ცხოვრობდა.
აჯამეთის ნაკრძალი
აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი ბაღდათის რაიონში, ქუთაისიდან 15 კმ.-ში მდებარეობს. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 4848 ჰა. ნაკრძალში შემონახულია კოლხური ტიპის იმერული მუხის ტყეები. აქვე გვხვდება სხვადასხვა ცხოველი და ფრინველი. აჯამეთის ნაკრძალის მიზანია კოლხური ტყის ნიმუშის, ქართული ფალორა-ფაუნის მომრავლება და შესწავლა.
იმერული საოცრება - კაცხის სვეტი
კაცხის სვეტი - ჰაერში აჭიმული კლდეა, რომლის ბაქანზე ორი მცირე ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. ის ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 40 მეტრია და ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, აქ განდეგილ ბერთა სამყოფელი იყო. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევარები სირიაში გავრცელებულ მესვეტეობას უკავშირებენ. არავინ იცის, ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე. ამჟამად აქ ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რათა ეს საოცრება ტურისტებმა უფრო ახლას გაიცნონ.
შორაპნის ციხე
ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ზესტაფონის რაიონ დაბა შორაპანში. ძვ.წ. III საუკუნი დასაწყისში ააგო ქართლის მეფე ფარნავაზ I-მა. ციხესიმაგრე იმდენად დიდი იყო, რომ მასში თავისუფლად ეტეოდა ქალაქის მოსახლეობა. ციხე კეთილმოწყობილი იყო გვირაბებით, თიხის წყალსადენით. მუდმივი შემოსევების დროს შორაპნის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა, რადგან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა. აქ მთავრდებოდა სანაოსნო გზა და სახმელეთო იწყებოდა. ვარაუდობენ, რომ აქვე იყო ქარვასლა, საბაჟო, ბაზარი, სამჭედლო სახელოსნოები. შორაპანი დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო დამაკავშირებელი რგოლს წარმოადგენდა. შორაპნის ციხეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად უამრავი საინტერესო მასალაა ნაპოვნი და ინახება ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ვანის ნაქალაქევი
ვანის ნაქალაქევი ვანის რაიონშია. ის თარიღდება ჩვ.წ.აღ.-მდე VIII საკუნით. ვანი ძველი კოლხეთის კულტურული ცენტრი ყოფილა. ნაქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილია წარმართული სამსხვერპლოსა და სამარხოს ნაშთები. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკა, სარესტავრაციო და ფონდის განყოფილებები. მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, სადაც ინახება ნაქალაქევის ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, მონეტები.
უბისი
წმ. გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი სოფელ უბისთან, იმერეთში მდებარეობს. უბისის აშენების თარიღად IX საუკუნე სახლდება.
უბისის მონასტერი ძალიან ჰყვარებია თამარ მეფეს. საუკუნეების განმავლობაში მონასტერში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობისა და ხატწერის სკოლები. მის ტერიტორიაზე იყო უზარმაზარი ჭურებიც, სადაც სოფლის მოსახლეობა წყლის და ღვინის მარაგს ინახავდა. საინტერესოა ტაძრის კედლის მხატვრობა (XIV ს.). აქ წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყონვალე კომპოზიცია: ხარება, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვ.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და მისი ფართობის ქვეყნის ტერიტორიის 1%-ს შეადგნეს. ეს პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. იგი მოიცავს 76 000 ჰექტარს. ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ერთი მხარე იმერეთს, კერძოდ ხარაგაულის რაიონს მიეკუთვნება.
ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობები მდებარეობს ბორჯომსა და ხარაგაულში. აქვეა ვიზიტორთა სამსახური, რომელიც მნახველებს საინტერესო ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობს. პარკში 9 ტურისტული ბილიკი და თავშესაფარია. უმრავლესობა მოქმედია აპრილიდან ოქტომბრამდე. .
მცენარეთა მოყვარულთათვის მისაღები დრო აპრილ-მაისშია, როცა ხარაგაულის მხარეს ულამაზესი დეკა ჰყვავის. საოცარი პეიზაჟები ელით ფოტოგრაფებს სექტემბერ-ოქტომბერში.
პარკის შესასვლელში მოწყობილია საპიკნიკე, კარვების გასაშლელი, მანქანის დასაყენებელი ადგილები. შეიძლება გიდის აყვანა, ადგილობრივი ტრანსპორტის და ცხენების დაქირავება.
ხარაგაულის რაიონში ღამისთევა კერძო ოჯახში ან პარკის მარელისი სატუმროში შეიძლება. .
იმერული საჩუქრები
საქართველოს თიხის ჭურჭლის დამზადების უძველესი ტრადიცია აქვს. ყველაზე ძველი ნეოლითის ხანაშია გამოძერწილი. მეთუნეობა ახლაც ძალზე პოპულარულია იმერეთში. ხელით დამზადებული თიხის ნაწარმის - სასმისების, ფიალების, თონეების, ტუჩიანი დოქების, კეცების ნახვა და შეძენა იმერეთის პრაქტიკულად ყველა გზისპირა სოფელშია შესაძლებელი, განსაკუთრებით კი, იმერეთის გზაზე, ზესტაფონიდან 18 კილომეტრში მდებარე სოფელ შროში. აქვე ნახავთ მოწნულ და ხის საყოფაცხოვრებო ნივთებს. შროშის გზაზე შეგიძლიათ შეიძინოთ სოფლად დამზადებული საუკეთესო იელის და წაბლის თაფლი.
სამზარეულო
იმერეთი განთქმულია სტუმართმოყვარეობით. იმერული სამზარეულო ძალზე მრვალფეროვანია. ამ მხარისთვის დამახასიათებელი საკვებია: იმერული ყველი, ხაჭაპური, ფელამუში, მჭადი, ლობიო და სხვადასხვა სახის ფხალეული.
იმერული სუფრის მშვენებაა ხაჭაპური - თხელ ცომში გადახვეული ყველიანი, ბრტყელი გუნდა, რომელიც ტაფაზე ან კეცზე ცხვება, მჭადი - სიმინდისგან ფქვილისგან მოზელილი გუნდა, ეკალა - სხვადსხვა სუნელით შეკმაზული ფხალეული და სხვ.
იმერული სუფრა წარმოუდგენელია ადგილობრივი წარმოების ღვინის გარეშე.
იმერული ღვინო
იმერეთის ვენახები გაშენებული მდინარეებისა და მათი შენაკადების ხეობებში.
იმერეთში უმთავრესად მზადდება ნაზი, ხალისიანი, ცქრიალა და ევროპული ტიპის ღვინოები ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკაურის, კრახუნას და სხვა იშვიათი ქართული ჯიშებისგან.
იმერეთში მრავალსაუკუნოვანი ხალხური ტრადიციების საფუძველზე შეიქმნა იმერული ტიპის ღვინის დაყენების ორიგინალური წესი. ასეთი წესით დაყენებული ღვინო ევროპულისაგან განსხვავებით მსუბუქია და ხასიათდება სასიამოვნო არომატით. სტუმრის ღვინოზე დაპატიჟება აქ პატივად მიიჩნევა.
imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური
ბმულების ჩამონათვალი
სატესტო დამოუკიდებელი გვერდი